ხარისხის კონტროლი

დებულება “საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის (“სქშეი”-ს) “ექსპერტთა საბჭოს შესახებ”
1. საერთო დებულებები
1.1 “სქშეი”-ს ექსპერტთა საბჭოს დებულება ადგენს “ექსპერტთა საბჭოს” სტატუსს, საქმიანობის მიზანს და კომპეტენციას, სტრუქტურას და მუშაობის რეგლამენტს.
1.2 “სქშეი”-ს “ექსპერტთა საბჭო” მოწოდებულია განახორციელოს “სქშეი”-ს წევრთა საშემფასებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და შედგენილი შეფასების ანგარიშების ექსპერტიზა, ხელი შეუწყოს შეფასების ახალი მეთოდიკის და მეთოდების დანერგვას, “სქშეი”-სა და მისი წევრების ავტორიტეტის ამაღლებას.
1.3 “სქშეი”-ს ექსპერტთა საბჭო იქმნება მისი წევრებისაგან. საბჭოს შემადგენლობას 3 წლის ვადით ამტკიცებს სქშეი”-ს გამგეობა;

2. ექსპერტთა საბჭოს საქმიანობის მიზანი, კომპეტენცია და სტრუქტურა
2.1 “სქშეი”-ს ექსპერტთა საბჭოს საქმიანობის მიზანია “სქშეი”-ს წევრების მიერ განხორციელებული საშემფასებლო საქამიანობის ხარისხის კონტროლი.
2.2 ექსპერტთა საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
2.2.1. “სქშეი”-ს წევრების მიერ შედგენილი შეფასების ანგარიშის ექსპერტიზა შედეგების ობიექტურობის, შეფასებისას გამოყენებული მეთოდების სტანდარტებთან შესაბამისობისა და საშემფასებლო საქმეში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კუთხით;
2.2.2. სადავო საკითხების გადაწყვეტა;
2.2.3. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება შეფასების მეთოდიკისა და მეთოდების სრულყოფის თვალსაზრისით;
2.2.4. წინადადებების შემუშავება შემფასებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;
2.2.5. კონსულტაციები საშემფასებლო საქმიანობის საკითხებზე.
2.3 “ექსპერტთა საბჭოს” ხელმძღვანელობს “სქშეი”-ს გამგეობის თავმჯდომარე. “ექსპერტთა საბჭოს” თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია “სქშეი”-ს გამგეობის წინაშე და პასუხისმგებელია საბჭოს საქმიანობაზე.

3. “სქშეი”-ს “ექსპერტთა საბჭოს”-ს მუშაობის რეგლამენტი
3.1. “სქშეი”-ს “ექსპერტთა საბჭო”-ს სხდომები იმართება საჭიროებისდა მიხედვით.
3.2. სხდომების ჩატარებისა და მისი დღის წესრიგის შესახებ საბჭოს წევრები გაფრთხილებული უნდა იქნან არა ნაკლებ 10 კალენდარული დღისა მის ჩატარებამდე;
3.3. “ექსპერტთა საბჭო”-ს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით. სხდომა უფლებაუნარიანია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება წევრების ნახევარი მაინც. მიღებული გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ადგენს “ექსპერტთა საბჭო”-ს მდივანი. მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად “ექსპერტთა საბჭო”-ს ყველა წევრისა და საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული ყველა პირისათვის. “ექსპერტთა საბჭო”-ს გადაწყვეტილება არ მოითხოვს “სქშეი”-ს გამგეობის მიერ დამტკიცებას.

4. საექსპერტო საქმიანობა
4.1. ექსპერტი უფლებამოსილი ფიზიკური პირი, რომელსაც ექსპერტიზის საგანთან დაკავშირებით გააჩნია აუცილებელი სპეციალური ცოდნა, გამოცდილება, კვალიფიკაცია და ადგენს საექსპერტო დასკვნას (რეცენზიას) მის წინაშე დასმული საკითხების მიხედვით. ექსპერტის როლში შეიძლება გამოვიდეს პროფესიონალი შემფასებელი, რომელსაც გააჩნია შემფასებლად მუშაობის არა ნაკლებ 2 წლის გამოცდილება;
4.2. ექსპერტიზის ჩატარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ექსპერტების დამოუკიდებლობა და კომპეტენტურობა, საექსპერტო გამოკვლევის ობიექტურობა და სისრულე, ექსპერტიზის მეთოდებისა და შედეგების შესაბამისობა საქართველოს საშემფასებლო კანონმდებლობასთან, თანამედროვე სამეცნიერო, ტექნიკური, ტექნოლოგიური და საინფორმაციო ცოდნის დონესთან;
4.3. შეფასების ანგარიშის ექსპერტიზა ღონისძიებათა ერთობლიობა იმის დასადგენად (შესამოწმებლად), თუ რამდენადაა დაცული შეფასებისას შემფასებელთა მიერ მოქმედი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტები და შეფასების თაობაზე კლიენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები; იმის დადგენა, თუ რამდენად სრული და საიმედოა შეფასებისას გამოყენებული ინფორმაცია; რამდენად კორექტულია შეფასების პროცესი და შემფასებლის მოსაზრებები;
4.4. ექსპერტები (ექსპერტთა ჯგუფი) სამუშაოებს ახორციელებენ “სქშეი”-ს “ექსპერტთა საბჭოს” თავმჯდომარის დავალების საფუძველზე;
4.5. ექსპერტები პასუხს აგებენ შესრულებულ სამუშაოზე შემდეგი მიმართულებით:
4.5.1 საკვალიფიკაციო წოდების მოსაპოვებლად წარმოდგენილი ანგარიშის ექსპერტიზა;
4.5.2 სარეცენზიოდ წარმოდგენილი ანგარიშის ექსპერტიზა;
4.5.3 შემფასებლის და საშემფასებლო კომპანიების სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის ჩარჩოებში განხორციელებული ექსპერტიზა.
4.5.4 პროგრამული პროდუქტების ექსპერტიზა.
4.6. ექსპერტი ვალდებულია:
4.6.1. განახორციელოს მისთვის წარდგენილი მასალების სრულფასოვანი შესწავლა. მის წინაშე დასმულ საკითხებზე მოამზადოს ობიექტური და დასაბუთებული საექსპერტო დასკვნა;
4.6.2. ექსპერტიზის ჩატარებისა და საექსპერტო დასკვნის შესახებ საჭიროების შემთხვევაში მისცეს შესაბამისი განმარტებები;
4.6.3. არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საექსპერტო საქმიანობისას, რითაც შეიძლება მიადგეს ზარალი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
4.6.4. უზრუნველყოს მისთვის წარდგენილი მასალების დაცვა ხელყოფისაგან.
4.7. ექსპერტს უფლება აქვს:
4.7.1. გაეცნოს მასალებს, რომელიც ეხება ექსპერტიზის საგანს, ამოიწეროს მისგან მისთვის საჭირო მონაცემები ან მოხსნას ასლი;
4.7.2. გამოითხოვოს დამატებითი მასალები, რომელიც აუცილებელია დასკვნის შესადგენად;
4.7.3. მოითხოვოს ექსპერტიზაში სხვა ექსპერტებისა და კონსულტანტების ჩართვა;
4.7.4. უარი განაცხადოს ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ შემთხვევაში: თუ უარი განუცხადეს ექსპერტიზისათვის საჭირო დამატებითი მასალების მიწოდებაზე; თუ საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და სცილდება მისი პროფესიული რისკის ფარგლებს.
4.8. ექსპერტს უფლება არ აქვს:
4.8.1. პირადი კონტაქტი დაამყაროს დამკვეთთან ან ექსპერტიზის საკითხებით დაინტერესებულ მესამე პირებთან.
4.8.2. მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზაში, თუ რაიმე ფორმით კავშირშია ექსპერტიზის საგანთან ან ექსპერტიზის დამკვეთთან.
4.8.3. ექსპერტიზის დამკვეთის გარეშე, თვითნებურად შეაგროვოს ექსპერტიზასთან დაკავშირებული მასალები;
4.8.4. გაანადგუროს საექსპერტო გამოკვლევის მასალები.
4.9. ექსპერტიზის დამთავრებისთანავე ექსპერტი ადგენს საექსპერტო (სარეცენზიო, გამოხმაურების) დასკვნის პროექტს, ხელს აწერს და გადასცემს “ექსპერტთა საბჭოს” თავმჯდომარეს. გაცნობის შემდეგ “ექსპერტთა საბჭოს” თავმჯდომარე გადასცემს მდივანს დაკსვნას ტიტულიან ბლანკზე გადასატანად და სარეგისტრაციოდ. შემდეგ აწერს ხელს და უგზავნის იმ პირს ან ორგანოს, რომელმაც დაუკვეთა ექსპერტიზა. სადაო საკითხის არსებობის შემთხვევაში “ექსპერტთა საბჭოს” თავმჯდომარეს დასკვნა განსახილველად გააქვს “ექსპერტთა საბჭოზე” საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
4.10. ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ხელშეკრულებით და დამოკიდებული არ არის ექსპერტიზის შედეგებზე.
ექსპერტს ეკისრება პასუხისმგებლობა არასწორი ექსპერტიზისათვის “სქშეი”-ს, “სქშეი”-ს ექსპერტთა საბჭოს და დამკვეთის წინაშე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ექსპერტები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ ერთ ექსპერტიზაზე სოლიდარულად აგებენ პასუხს ექსპერტიზის არასრულფასოვნად ჩატარებისთვის